მოლდოვიდან აშშ-ში აღმოსავლეთ ევროპული ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერის, მიხეილ ჩხიკვიშვილის ექსტრადირება განხორციელდა. 21 წლის, წარმოშობით ქართველი ჩხიკვიშვილი 2024 წლის ივლისში მოლდოვის დედაქალაქში სასაზღვრო პოლიციამ, სტამბოლი-კიშინიოვის რეისზე დააკავა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირების შემდეგ მას 4 მუხლით გაასამართლებენ, თითოეულისთვის გათვალისწინებული სასჯელის შეკრების შემდეგ ჩხიკვიშვილს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ინფორმაციას მიხეილ ჩხიკვიშვილის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს პროკურატურის ოფისი ავრცელებს.
ჩხიკვიშვილის საკითხს გამოეხმაურა მოლდოვაში აშშ-ის საელჩოც, მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩხიკვიშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებამ მთელ მსოფლიოში მრავალი თავდასხმა და მკვლელობა გამოიწვია. მათ შორის, 2024 წლის აგვისტოში, თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში, მეჩეთის გარეთ, პირმა, რომელსაც ნაცისტური სიმბოლოებით მორთული ტაქტიკური ჟილეტი ეცვა, პირდაპირ ეთერში გადაიღო, როგორ დაჭრა დაახლოებით ხუთი ადამიანი. თავდამსხმელისადმი მიწერილი მანიფესტი შეიცავდა ჩხიკვიშვილის მიერ გაკეთებულ ძალადობრივ განცხადებებს. თავდასხმამდე მან ასევე გაავრცელა ბმული „მოძულეების სახელმძღვანელოზე“, რომლის ავტორიც ჩხიკვიშვილია, და სხვა ძალადობრივი პროპაგანდის შესახებ.
გასულ წელს ჩხიკვიშვილის მოლდოვაში დაკავების შემდეგ "მთავარმა" მისი საქართველოში ცხოვრების პერიოდის შესახებ ინფორმაცია მოიძია. როგორც აღმოჩნდა, იქამდე სანამ ნეონაცისტი-მანიაკური მკვლელობების კულტის ხელმძღვანელი გახდებოდა და საკუთარ თავს "მეთაურ ყასაბს" დაარქმევდა, მიხეილ ჩხიკვიშვილი საბურთალოზე, 161-ე სკოლაში სწავლობდა. მისი მასწავლებლებისა და თანაკლასელების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
მოზარდი თანაკლასელების ჩათში აგზავნიდა ვიდეოებს, რომლის შინაარსიც ტერორისტების მიერ უდანაშაულო მოქალაქეების სასტიკ მკვლელობებს ეხებოდა. ამავე ჩათში ჩხიკვიშვილი გზავნიდა "მიმებს" და ხუმრობებს ასევე ტერორისტებსა და მასობრივ მკვლელობებზე. საბოლოოდ, საქმეში პოლიცია ჩაერთო და სკოლის ადმინისტრაციამ, რომელთანაც მიხეილ ჩხიკვიშვილის მშობლები არ თანამშრომლობდნენ, ოჯახს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ ბავშვი ფსიქოთერაპიაზე მიეყვანათ. ჩხიკვიშვილის კლასს ბოლო ორი სასწავლო წლის გავლა პანდემიის გამო დისტანციურად მოუხდა.
როგორც ჩხიკვიშვილის ნაცნობები “მთავართან” საუბრობდნენ, სკოლის დამთავრების შემდეგ ის ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში ხორცის მჭრელად - ყასბად მუშაობდა და სწორედ ეს სახელი აარჩია კრიმინალურ დაჯგუფებაში საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის.
- 2022 წლის 3 ივლისს ჩხიკვიშვილმა თანამზრახველს გაუგზავნა შეტყობინება საკომუნიკაციო სერვის ECS-1-ზე სადაც კითხულობდა: შესაძლებელი იყო თუ არა, აშშ-ში არამარკირებული იარაღის შოვნა და აცხადებდა, რომ მოკვლასთან ერთად მსხვერპლი უნდა გაეძარცვათ კიდეც.
- 19 ივლისს ჩხიკვიშვილი წერდა, რომ MKY ერთადერთი ჯგუფი იყო, რომელმაც ამდენი მკვლელობა ჩაიდინა. ჩხიკვიშვილი აბრევიატურებს MKY და MMC-ს იყენებდა MANIAC MURDER CULT-ის აღსანიშნავად და თავს ამ ჯგუფის დამქირავებლად, კურატორად და ლიდერად წარმოადგენდა.
- 26 აგვისტოს ჩხიკვიშვილმა მიწერა თანამზრახველს, რომ „MKY-ის წევრები მალე მოქმედებაზე უნდა გადასულიყვნენ.
- 2023 წლის 20 მარტს თანამზრახველმა ჩხიკვიშვილს შეტყობინება გაუგზავნა და დაუსვა კითხვები იმ პირის სახელით, რომელსაც MKY-ში გაწევრიანება სურდა. რაზეც ჩხიკვიშვილის პასუხი იყო „უბრალოდ აუხსენით მას, რას ნიშნავს MKY-ის წევრობა და რა ქმედებები უნდა გადაიღოს კარგი ხარისხით: ცემა, ცეცხლის წაკიდება, მკვლელობა, სასტიკი, არარეგულარული ცემა. ამასთან ჩხიკვიშვილის თქმით, ვიდეოდან წაშლილი უნდა ყოფილიყო მეტამონაცემები.
- 2023 წლის 8 სექტემბერს ჩხიკვიშვილმა პირს UC-1-ს, რომელიც ფარული აგენტი იყო, გაუგზავნა შეტყობინება, რომელშიც მანიაკების გადაბირებაზე საუბრობდა და სადაც ამბობდა, „მე აშშ-ში დიდი პოტენციალს ვხედავ, იარაღისა და სხვა რესურსების ხელმისაწვდომობის გამო.
- 29 სექტემბერს ჩხიკვიშვილი UC-1-თან განიხილავდა ხელნაკეთი ასაფეთქებელ მოწყობილობებს. და წერდა, რომ პირველ რიგში საჭირო იყო სამიზნის არჩევა, შემდეგ კი კითხვას უსვამდა “მაშ ვინაა სამიზნე?” იმავე დღეს მან UC-1-ს წასაკითხად გაუგზავნა ორი ფაილი MMC - ცივი იარაღი და MMC - ნადირობის ინსტრუქცია. ფაილში MMC - ცივი იარაღი აღწერილი იყო, თუ როგორ უნდა მოეკლათ მსხვერპლი დანის, ჩაქუჩის, ხრახნების და სხვა იარაღების გამოყენებით. MMC - ნადირობის ინსტრუქციაში კი განხილული იყო, როგორ უნდა აერიდებინათ თავი სამართალდამცველებისთვის მკვლელობის შემდეგ, მაგალითად, ტანსაცმლის გამოცვლით და იარაღის დამალვით. იმავე დღეს ჩხიკვიშვილმა გაუგზავნა რუსულენოვანი ფაილები აფეთქებებისა და ხანძრის გაჩენის შესახებ. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ამ ფაილების გაცნობის შემდეგ უკვე სამიზნეებზე გადავიდოდნენ.
- 2023 წლის 17 ოქტომბერს მიწერილ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ მათ მოქმედებას რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი უნდა გამოეწვია და თან ეს ვიდეოზე უნდა ასახულიყო.
- ნოემბერში გაგზავნილ შეტყობინებებში ჩხიკვიშვილი აცხადებდა, რომ მათ შეეძლოთ ბრეივიკზე დიდი ქმედების ჩადენა ისე, რომ მათ ვერ დაიჭერდნენ. ამასთან გაუგზავნა გეგმა, როგორ უნდა დაეხოცა სანტა-კლაუსის ფორმაში გადაცმულ UC-1-ს უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლები მოწამლული კანფეტებით. ამასთან, გაუგზავნა რიცინის შხამის მიღების ინსტრუქცია.
- 19 დეკემბერს გაგზავნილ შეტყობინებაში ჩხიკვიშვილი ეკითხება UC-1-ს, როგორ სურს მოხსენიება ვიდეოში, რომელსაც ისინი წარმატებული თავდასხმის შემდეგ გამოაქვეყნებდნენ. 2024 წლის 9 იანვარს თავდასხმის ადგილებად ბრუკლინში ებრაული თემის სკოლები და სხვა ორგანიზაციები შესთავაზა.
- 2024 წლის 18 იანვარს გაგზავნილ შეტყობინებაში კი ჩხიკვიშვილი ეკითხება UC-1-ს თუ როდის უნდა ელოდოს მისგან სიახლეებს.