მკვლელობა ბათუმში - "მთავარის" ინფორმაციით, მოკლულია გურამ ბერიძე. დანაშაული გუშინ, 24 მაისს საღამოს საათებში მოხდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ბერიძეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. მკვლელობა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობი - 1977 წელს დაბადებული გ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.დ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს." აცხადებს უწყება
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"მთავარის" ინფორმაციით, კონფლიქტი პირად უთანხმოებას უკავშირდებოდა.