პოლიტპატიმარმა ონისე ცხადაძემ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ შესაძლოა სხდომებს აღარ დაესწროს, რადგან სასამართლო პროცესები ფარსია და გადაწყვეტილება ის იქნება, რასაც ზემოდან ბრძანებენ:
"პირველი პროცესიდან მოყოლებული ვცდილობ რომ ამ სიტუაციაში მაინც ვიხუმრო, გავიცინო, ვიღაც გავამხიარულო, ეს ხდება იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის საუკეთესო თავდაცვის ინსტინქტი. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე თავის მოტყუებაში გადაიზარდა ჩემთვის... მე პირადად თავის მოტყუებას არ ვაპირებ. არ მგონია, რომ ისე უნდა მივიქცე, რომ ბრალდების სკამზე არ ისხდნენ პატარა ბავშვები, რომლებსაც ეკრანებიდან ეტყობათ, რომ უდანაშაულოები არიან. ფიზიკურად ვეღარ ვხვდები აქ რა ხდება.
წეღან მინდოდა მოწმისთვის მეკითხა ახალს თუ გვეტყვით რამეს-თქო? მოვდივართ და რისთვის მოვდივართ აქ. მე ვფიქრობ გადაწყვეტილებაზე, რომელიც თქვენ უნდა იცოდეთ - შესაძლოა, მე შემდგომი სხდომიდან აქ აღარ მოვიდე ხოლმე. გამოდის რომ ამითაც თავს ვიტყუებ რომ აქ ჩემს ძმას ან ვიღაც ადამიანს შევხედო და ამით ვიყო კმაყოფილი.
უკვე მერამდენედ, ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს ადამიანებზე, რომლებსაც საერთოდ არ იცნობს და ამბობს რომ უნდა მოვინანიოთ. ირაკლი კობახიძემ მოინანიოს გავრილოვი, პოზნერი, რუსული კანონები, მაკო გომურის თვალი. როცა ირაკლი კობახიძე იტყვის, რომ ადამიანებში ვიღაც უცხო ძალები თესავენ ზიზღს, გაიხსენეთ რამდენი ტროლების და ბოტების ქარხანა გაქვთ. უბრალოდ აზრი არ აქვს ბატონო მოსამართლე, რასაც ვაკეთებთ ახლა. თქვენ, რომ სულ ახლავე გინდოდეთ ჩვენი გაშვება, ბოლოს მაინც ისე იქნება, როგორც ზემოთ იტყვიან..."თქვა ონისე ცხადაძემ.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. იკითხებიან დაზარალებულად გამოცხადებული პოლიციელები, თუმცა ვერ ასახელებენ, ვინ მიაყენა დაზიანებები.