"თქვენ იქ არ ყოფილხართ" - ამ სიტყვებით მიმართა პოლიტპატიმარმა ვეფხია კასრაძემ მოწმე პოლიციელს, გამომძიებელ ივანე ფირცხალაიშვილს.
გამომძიებლის თქმით, სწორედ მან დააკავა ვეფხია კასრაძე და გაჩხრიკა მისი ავტომანქანა. ფირცხალაიშვილის თქმით, კასრაძეს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია და ყველაფერი "მშვიდ ვითარებაში ჩატარდა".
მას კითხვები დაუსვა კასრაძემ და აღნიშნა, რომ ეს გამომძიებელი მისი დაკავებისას იქ არ ყოფილა.
„ბატონო ივანე, თქვენ იქ არ ბრძანდებოდით, იქ ჩემი მეგობარი იყო, მას მოკიდეს ხელი, თქვენ ხართ ვეფხია კასრაძეო, მე ვერ მიცნეს. რა მეცვა მაშინ?“, - მიმართა გამომძიებელს ბრალდებულმა, რასაც ფირცხალაიშვილმა უპასუხა, რომ ის „სამუშაო ფორმაში იყო და სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა“.
"იქ ვიყავი და არ ვიცი, როგორ დაგიმტკიცოთ. კონკრეტულად რა ეცვა, ჩემი ინტერესის სფერო არ ყოფილა, „სამსუნგის“ ტელეფონი გქონდათ, გაბზარული იყო, თქვენ თვალწინ დავლუქე, ხელი არ მომიწერეთ. ვადასტურებ, ჩვენს მიმართ გამოხატულ პატივისცემას. რა გეცვათ, არ მახსოვს, ვერ მოვიტყუები",- თქვა გამომძიებელმა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.