“მთავარი არხის” ინფორმაციით, 40 წლის ზვიად ჯანიაშვილი სანერგე მეურნეობასთან მისასვლელ ხიდთან, შაბათს ღამით, შველას უშედეგოდ ითხოვდა. მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ჯარისკაცმა 112-ში დარეკვა შეძლო. ადგილზე მისულ სამართალდამცველებსა და მედიკოსებს ის მრავლობითი დაზიანებებით დახვდათ. თავდაპირველად მამაკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეიყვანეს, ტრავმების სიმძიმის გამო კი თბილისში გადაიყვანეს. ჯანიაშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ჯარისკაცის დედა ამბობს, რომ მისი შვილი კარალეთიდან გორში, ვერხვების დასახლებაში მეგობარ ჯარისკაცთან სამშენებლო სამუშაოებზე დასახმარებლად წავიდა. იცის რომ ღამით იქეიფეს, თუმცა, რა ვითარებაში მიიღო მისმა შვილმა მძიმე დაზიანებები პასუხი არ აქვს.
ამ თემაზე საუბარი არ სურთ პირველ ქვეით ბრიგადაში, სადაც მამაკაცი 10 წლია მსახურობს. ის ცოტა ხნის წინ ავღანეთში, სამშვიდობო მისიაშიც იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილიდან სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მთავარი არხის ინფორმაციით, ჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ მიემართება სანერგე მეურნეობისკენ მამაკაცი თანმხლებ პირთან ერთად.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, ორივე მათგანს თავს სწორედ ამ დროს დაესხნენ. თანმხლები პირი გაიქცა, ჯანიაშვილს კი მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
ჯარისკაცის დაშავების საეჭვო ვერსიას უარყოფს თავდაცვის სამინისტრო. უწყების განცხადებით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მდინარის პირას წყლის არხში თავად ჩავარდა. სამინსიტროს ინფორმაციით, დაზარალებულიც ყვება, რომ ერთი მეტრის სიმაღლიდან თავად გადავარდა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გორის პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.