თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე შესამჩნევად იზრდება, მაგრამ მზად არის თუ არა დედაქალაქის კლინიკები პაციენტების დიდი რაოდენობის მისაღებად - გაურკვეველია.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ზაფხულში უკვე დაკარგა დრო და არ მოემზადა მეორე ტალღისთვის, მაგრამ ახლა ბათუმის მაგალითზე აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება სხვა დიდ ქალაქებში.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ყოველდღიურად საშიშ ნიშნულზე ადის. კლინიკები კი პაციენტებს ვეღარ იღებს, საწოლების რაოდენობა ქვეყანაში თითქმის ამოწურულია. დაანონსებული მეორე ტალღის მიუხედავად, ქართული ოცნების მთავრობას მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ საწოლების მობილიზება გარდაუვალი იქნება, სწორედ ამიტომ ხელისუფლება საკმარისი ადგილების დასაქირავებლად 48 მილიონს დახარჯავს. გადაწყვეტილება ოცნებამ ფორსმაჟორში მიიღო.