
მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მათი ჯანმრთელობის მიზნით, შესაძლოა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი, ერისიმედი, კარანტინის ზონად გამოცხადდეს. შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებენ.
პრევენციული ღონისძიების გატარების მიზეზი კი დაინფიცირებული კაცია, რომელსაც სოფელში თითქმის ყველა ადგილობრივთან ჰქონდა შეხება. პაციენტის თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა დღეს იგეგმება.
ეპიდემიოლოგებმა სოფლის ყველა მკვიდრს ანალიზი აუღო, რომლის პასუხი ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.
კორონავირუსი დაუდასტურდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლსაც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რომელსაც COVID-19-ზე განმეორებით ანალიზს სავარაუდოდ, დღეს აუღებენ.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 74-ე შემთხვევაა დაფიქსირებული.
ავტორი: ია გულიაშვილი