"იმედი" ომშია და ვინც არ ომობს, დეზერტირია - ნიკოლოზ ლალიაშვილის რეპლიკები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განიხილეს

გამოქვეყნდა:

"ტვ იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ლალიაშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეორე პრინციპი დაარღვია - დაადგინა 3 ოქტომბერს ჩატარებულმა ეთიკის ქარტიის საბჭომ, რომელსაც განცხადებით მიმართეს ჟურნალისტებმა ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა.

განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ისინი იყვნენ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ბიზნესის სიახლეების" ჟურნალისტები და მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ლალიაშვილი, რამაც, საბოლოო ჯამში, ჟურნალისტები აიძულა, რომ დაეტოვებინათ ტელეკომპანია.

განმცხადებლების აზრით, დაირღვა ქარტიის მე-2 პრინციპი, რომლის თანახმად, “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”. განმცხადებლებმა მიუთითეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ქრონოლოგიაზე და მოიყვანეს ნიკოლოზ ლალიაშვილის ციტატები. 

აღსანიშნავია, რომ თავად ნიკოლოზ ლალიაშვილი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარუდგენია.

კერძოდ, ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ როცა "დაბალანსებულ გაშუქებაზე" გააკეთეს აქცენტი, ლალიაშვილისგან მიიღეს შემდეგი პასუხი: 

„ეგ სიტყვა დაივიწყე, გეხვეწები რა, დაბალანსებული დაივიწყე რა, დაბალანსებული ნიშნავს რა უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა თქვას უარი ამბების ობიექტურად გაშუქებაზე, ლალიაშვილი პასუხობს, რომ ისინი არიან ომში და თუ ჟურნალისტი უარს იტყვის მის მითითებაზე, რომ არ დაიცვას ბალანსი, ის „დეზერტირია“:

„ჰოდა ეხლა შევდივართ აქტიური ომის ფაზაში,“ „არ შეიძლება, შენ თქვა, რომ არ ხარ ფრონტის ხაზზე, როცა შენი ჯარი, მე ვარ შენი ჯარი, ჩვენ “იმედი” ვართ ერთი გუნდი, ჩვენ თუ ვომობთ და შენ ამბობ, „მე არ ვომობ“, ეგ არის დეზერტირობა, მაგას ქვია დეზერტირობა“

ნიკოლოზ ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის ომი, როგორც ბიზნეს მოწინააღმდეგეებთან (“რუსთავი-2”, “მთავარი არხი” და ა.შ.), ასევე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან, რომელთაც “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონთ. მისი თქმით, ამ ომში ჩართულია „დაჟე გართობა, პროდაქშენი, ნიუსზე ხომ ლაპარაკი არ არის, პოლიტიკური ტოქშოუები“ და თუ ჟურნალისტი არ აპირებს „ომში“ ჩართვას და ამბების მიკერძოებულად გაშუქებას, Ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს, რომ მას არა აქვს კორპორატიული სოლიდარობა.  

საბოლოოდ, ქარტიამ დაადგინა, რომ ლალიაშვილმა დაარღვია მეორე პრინციპი. 

აუდიოფაილი 1

აუდიოფაილი 2

აუდიოფაილი 3

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი