დღეს, 9 ოქტომბერს, დილიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შეზღუდვები დაწესდა.
გადაწყვეტილება ჯანდაცვის სპეციალისტებმა მიიღეს. სოფლის შესასვლელ-გასასვლელში გაშლილია სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ადგილობრივების PCR ტესტირება მოხდება.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი ამბობს, რომ პრევენციული ღონისძიების მიზეზი მოქალაქეთა უსაფრთხოებაა, რის გამოც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, საჯარო სკოლაში სწავლა დღეიდან დისტანციური მეთოდით იქნება.
სოფელ ერისიმედში 58 წლის ქალს და მის ქმარს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდათ. ცნობილია, რომ დაინფიცირებულებს კონტაქტი ადგილობრივების უმრავლესობასთან ჰქონდათ.
რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების 74 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეპიდემიოლოგების განცხადებით, კახეთში ეპიდსიტუაცია მართვადია.
ავტორი: ია გულიაშვილი.