გარეჯის საქმის მთავარი მოწმე, მამა კირიონი, ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა და თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რუკის არსებობაზე 2014 წლიდან იცოდა. საკითხზე ინფორმირებულები იყვნენ სხვა იმდროინდელი სამთავრობო პირებიც, მათ შორის, კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე.
2014 წლის შეხვედრის გახსენებისას, მამა კირიონი ამბობს, რომ, ღარიბაშვილის გარდა, მან ინფორმაცია მიაწოდა ნოდარ ხორბალაძეს, თედო გორგოძეს, მინდია ჯანელიძეს, თავდაცვის იმდროინდელ მინისტრს - ირაკლი ალასანიას, შსს მინისტრს - ალექსანდრე ჭიკაიძეს. მამა კირიონის თქმით, მან მოძიებული მასალები ირაკლი ღარიბაშვილს გააცნო და სთხოვა, მისი პატრონაჟით გაგრძელებულიყო პრობლემის ძირეული მოკლვევა.
შეიძლება ითქვას, რომ ღარიბაშვილმა ეს საკითხი მისი, როგორც პრემიერმინისტრის ღირსების საქმედ გაიხადა. ბატონმა პრემიერმა ამ პრობლემის ძირეული შესწავლა-დამუშავება დაავალა სახელმწიფო კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის სამსახურს, კერძოდ, მის ხელმძღვანელს - მინდია ჯანელიძეს. მომდევნო შეხვედრა 2015 წელს გაიმართა, რომელსაც ივერი მელაშვილიც ესწრებოდა და სხდომაზე უტიფრად იქცეოდა, - წერია მამა კირიონი გამოძიებასთან მიცემულ ჩვენებაში.
"მთავარი არხი" შეეცადა მამა კირიონთან გასაუბრებას, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა.
ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით საქმის ერთერთ ახალ და მთავარ ფიგურანტს, მინდია ჯანელიძეს, თუმცა მან გვითხრა, რომ საჯარო სამსახურში აღარ მუშაობს და, შესაბამისად, საკითხზე რაიმეს თქმას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.