შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დუშეთში ერთი პირი დააკავეს. შემთხვევის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები "მთავარ არხთან" ამბობდნენ, მიზეზი ქურდობა ან ყაჩაღობა ვერ იქნებოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურში, 1961 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა, - წერია უწყების განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.