კორონავირუსით მხოლოდ ბოლო 24 საათში უკვე 8 ადამიანი გარდაიცვალა - ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს. ყოველდღიურად დამძიმებული სტატისტიკისა და ახლა უკვე დაღუპულთა რაოდენობის მატების მიუხედავად, "ქართული ოცნების" მთავრობა ისევ ამტკიცებს, რომ სისტემა მზად არის, გაუმკლავდეს გამოწვევას.
ფაქტები კი ადასტურებს, რომ ხელისუფლების არათანმიმდევრული ნაბიჯები და უმოქმედობა, შესაძლოა, ქვეყანას ძვირი დაუჯდეს. რესურსების მობილიზების დაგვიანებასთან ერთად, მხოლოდ ახლა დაიწყო მსჯელობა მკურნალობის პროტოკოლის შცვლის შესახებ.
კორონავირუსით ბოლო დაღუპული 43 წლის ქალია. გახდა თუ არა სიკვდილიანობის მატების მიზეზი ჯანდაცვის სისტემის მოუწესრიგებლობა - ამ კითხვას მინისტრი არ პასუხობს. ამტკიცებს, რომ ინფიცირებული პაციენტებს თანამდევი დაავადებები აწუხებდათ, გარდაცვალების ფაქტების ზრდას კი კლინიკების მოუმზადებლობასთან კავშირი არ აქვს.
გარდაცვალების მიზეზად თანმხლებ მძიმე დაავადებებს მიიჩნევენ ეპიდემიოლოგებიც. ნაწილს კი, გარდაცვალების მაჩვენებელი საგანგაშოდ არ მიაჩნია.
ჯანდაცვის მინისტრი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ რესურსი საკმარისია, თუმცა, ირკვევა, რომ ხელისუფლება ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად, საწოლებისა და სასუნთქი აპარატების მობილიზებას მხოლოდ ახლა იწყებს. პროტოკოლის შეცვლაზე ჯანდაცვის უწყება მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ინფიცირებულთა სტატისტიკა საკამაოდ გაიზარდა და გარდაცვლილთა რაოდენობამაც იმატა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სისტემა გაუმართავია და ვირუსთან საბრძოლველად მზად არ არის. მკურნალობის პროტოკოლის ხშირი ცვლილება, პერსონალის დაგვიანებული გადამზადება, საწოლებისა და საჭირო ინვენტარის სიმცირე - ეს ის პრობლემებია, რაც ჯანდაცვის სისტემაშია.
როგორ იმუშავებს ახალი პროტოკოლი, ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში არც იმაზე საუბრობენ, რატომ დროულად არ მიიღეს ზომები და რატომ გახდა საქართველოში ვირუსი უკონტროლო. დღევანდელი მონაცებით, ქვეყანაში 50 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი, სულ 836 ინფიცირებული რჩება.