მარნეულის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ - ქარიმოვების ოჯახში ყვებიან, რომ ულაშლოს სკოლის დირექტორმა მათ არასრულწლოვან შვილს მუშტი ჩაარტყა, შემდეგ კისერში სწვდა და სცემა. უმძიმესი ბრალდებების მიუხედავად, სკოლის დირექტორი ამ დრომდე არც კი დაკითხულა.
სკოლის დირექტორი "მთავარ არხთან" საუბრისას ბრალდებებს უარყოფს. აჰმედ ჰაჯიევი ყვება, რომ პოლიციელები მასთან სახლში მივიდნენ, კითხვები დაუსვეს, მან თქვა, რომ არაფერი მომხდარა და პოლიციაც წავიდა.
სკოლაში კლასელს ვეჩხუბე, დირექტორი მოვიდა, ჯერ მკერდზე დამარტყა, შემდეგ კისერზე მომკიდა ხელი და მიმათრევდა. ამ დროს თავი კედელს რამდენჯერმე მივარტყი. სხვა ორმა მასწავლებელმა დამიხსნა დირექტორისგან, ცუდად გავხდი და გონება დავკარგე, - ყვება არასრულწლოვანი.
ოჯახმა პოლიციას დღეს, 13 ოქტომბერს, მიმართა, უწყებაში არასრულწლოვანიც და მისი ოჯახის წევრებიც უკვე დაკითხეს. მშობლები ითხოვენ, რომ სკოლის დირექტორი დაისაჯოს.
ყველაფერი ტყუილია, თითიც არ დამიკარებია, თანაკლასელს ეჩხუბებოდა, სხვა მასწავლებლები ვერ აშველებდნენ. ამ ბავშვის მშობლები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან. ყოველთვის აგებენ არჩევნებში და ამიტომ მე მემტერებიან, მიდით და სხვა მასწავლებლებს ჰკითხეთ, - ამბობს სკოლის დირექტორი.
დღის განმავლობაში ფაქტთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებიც დაკითხეს.