ოცნების კოორდინატორების მხრიდან შანტაჟზე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.
"კოორდინატორებს ვუთხარი, რომ ზეწოლის ფაქტზე შემეძლო, მეჩივლა და ვთხოვე, სახელები და გვარები ეთქვათ. ამაზე პასუხად მითხრეს, არ არის სახელი და გვარი საჭირო, საკუთარი სახელი დაიმახსოვრეთ და სამსახურიც სიზმარში ნახეთო" - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი, ნინო გედენიძე.
სამთავრობო პარტიის მხრიდან ზეწოლას მსხვერპლი მარნეულელი ამომრჩეველიც გახდა. მათი თქმით, გადასატანი ყუთის სიაში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არ შეჰყავთ, ზოგ უბანზე კი მსგავსი სია საერთოდ არ არსებობს.
ცნობისთვის, ეროვნულ ბიბლიოთეკამდე "ქართული ოცნების" სამიზნე სკოლები აღმოჩნდა. წინასაარჩევნოდ მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებიდან 6 დირექტორი პოლიტიკური ნიშნით ისე გაათავისუფლეს, რომ მათ სამსახურის დაკარგვის შესახებ შემთხვევით გაიგეს.