
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო გაწერილი პროტოკოლის შესრულება, რადგან მარტო გაწერა არაა საკმარისი, მთავარი მისი შესრულებაა.
"საქმე იმაშია, რომ არაფერი გაუკეთებიათ, მთელი ზაფხული არ გაკეთებულა არაფერი, დაიწერა რაღაცა გეგმები, ისე რა არაუშავდა, მაგრამ გეგმის დაწერას და პროტოკოლის დაწერა მარტო არ ყოფნის, ამას აღსრულება სჭირდება, რისი მართვის თავიც არ გააჩნიათ ეხლა იძახიან, პროტოკოლი ხომ არ შეგვეცვალაო... რა მნიშვნელობა აქვს რომელი პროტოკოლიც არ უნდა იყოს, მთავარია როგორ აღასრულებ. ეს პროტოკოლი, რაც ახლა არსებობს ნორმალურია", - თქვა ვატო სურგულაძემ გადაცემაში "მთავარი დებატები" თამარ ბაღაშვილთან.
ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტი ხელისუფლების მოქმედებებში ლოგიკას ვერ ხედავს მაშინ, როცა მეორე ტალღა არათუ მოსალოდნელი, დაანონსებულიც იყო:
"ვუბრუნდები ისევ ზაფხულს, საინფორმაციო პოლიტიკაც არ ყოფილა. ვინმეს გახსოვთ ივლისი აგვისტო, ვინმეს ესაუბრა ან კოვიდის საშიშროებაზე ან გეგმაზე.როგორმე გადავაგორებთ ისევ ეს დამოკიდებულება აქვთ ამ ვირუსზეც, როგორმე გადავაგორებთ.სხვათა შორის, ექსპერტმა ჯგუფმა დავწერეთ კარგი გეგმა, აპრილის ბოლოს, ერთხელ შეგვეხმიანენ და დავავიწყდით.
შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლების ვერტიკალის წარმომადგენლები მედიასთან ხშირად აცხადებენ, რომ კოვიდპანდემიის ეფექტურად მართვა მოახერხეს, თუმცა, ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის სისტემა, ფაქტობრივად, კოლაფსის წინაშეა.