
თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ დადასტურებულ შემთხვევასთან მის შვილსაც ჰქონდა კონტაქტი.
მისი თქმით, ვირუსი ამავე სკოლის პირველ კლასელს და მის მშობელს დაუდასტურდა, ამის მიუხედავად სკოლას არც კი უცდია მოეძია კონტაქტები და გამოეკითხა კიდევ რომელ მოსწავლეებს ან მშობლებს ჰქონდათ მათთან ურთიერთობა. სკოლაში არც დეზინფექცია ჩატარებულა, სწავლა კი დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. მშობლების ნაწილი ბავშვების სკოლაში მიყვანას არ აპირებს. ისინი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას ითხოვენ.
87-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფრომაცია 18 ოქტომბერსაც გავრცელდა. მაშინ მშობლები ამბობდნენ, რომ ინფიცირებული მასწავლებელი გაკვეთილებს ატარებდა.