ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. საერთაშორისო ორგანიზაციას საკითხზე 15 ოქტომბერს უნდა ემსჯელა, თუმცა მისი განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.
გადაწყვეტილება პანდემიისას ევროპარლამენტარებისთვის დაწესებულმა რეგულაციებმა განაპირობა - მათ ეკრძალებათ ქვეყანებში სადამკვირვებლო საქმიანობისთვის ჩასვლა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკეთესი იქნებნოდა მეტი დამკვირვებელი ჩამოსულიყო, თუმცა ამბობენ, რომ დემოკრატიული არჩევნები ადგილობრივი დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობითაც შესაძლებელია. ოპოზიცია აქტიურობისკენ და საკუთარი არჩევანი დაფიქსირებისკენ, მოსალხეობასაც მოუწოდებს:
"სადამკვირვებლო მისია არ ჩამოდის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროპარლამენტს ყურადღების მიღმა დარჩება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი სადამკვირვებლო რესურსი. ეს არჩევნები არის ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი.
"საქართველოში მაინც საკმარისი რაოდენობის დამკვირვებელი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო მისიებიდან. უკვე ჩამოსულები არიან გრძელვადიანი დამკვირვებლები. გარდა ამისა, იქნება ძალიან ბევრი ადგილობრივი დამკვირვებელი და რაც მთავარია, გაყალბების თავიდან ასაცილებლად იქნება კონკრეტული პოლიტიკური ძალები", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე
"პირველ რიგში პარტიები უნდა იყვნენ ძალიან აქტიური და პარტიული დამკვირვებლები. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ აქტიურები და ბევრი დამკვირვებლის მობილიზაცია შეძლონ და ზოგადად მოქალაქეები უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანი რომ ჩვენი ხმები არ დაიკარგოს", - ამბობს "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე
ცნობისთვის, NDI და IRI-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები უკვე საქართველოში არიან. ისინი, მოკლევადიან დამკვირვებლებთან ერთად, 380-მდე წარმომადგენელს გამოგზავნიან წინასაარჩევნოდ ქვეყანაში.