ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 380-მდე დამკვირვებელი ეყოლება.
ცნობილია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დამკვირვებლები პირველი ოქტომბრიდან გადანაწილდებიან. სადამკვირვებლო მისია ძირითადი გუნდის, 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედეგბა. მისიას ელჩი ჯილეინ სტირკი უხელმძღვანელებს.
ამას გარდა, ეუთო გეგმავს წევრი ქვეყნებიდან 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ჩამოიყვანოს, რომლებიც საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვლენ.
2020 წლის 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლას და შედეგების შეჯამებას.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომპსიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი მიიღო.
რაც შეეეხება 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებს - მასში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.