
მედიცინის სპეციალისტი დავით გზირიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში კოვიდინფექციის გავრცელების დღიდან იმ სფეროში იყო ყველაზე დიდი პრობლემა, სადაც ყველაზე დიდი თანხმობა უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ გზირიშვილმა ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.
დავით გზირიშვილმა მართვის სამი სფერო გამოჰყო და აღნიშნა, რომ როცა საქართველოში ჩამოვიდა (აპრილში, -რედ.), ეპიდმართვაზე და კლინიკურ მართვაზე საუბრობდა ყველა, მათ შორის ღია ეთერებში.
არსებობს ეპიდმართვა, კლინიკური მართვა და სახელმწიფო მართვა - ეს სამი მიმართულება შეიძლება გამოყო და სადაც უნდა ყოფილიყო თანხმობა, გაგება, ანუ, სახელმწიფო მართვაში, ყველაფერი ყირაზე დადგა და აღმოჩნდა ყველაზე დახურული თემა, არადა, ამაში ერთიანი უნდა ყოფილიყვნენ ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და მოქალაქეებიც, - თქვა გზირიშვილმა.
ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები, რასაკვირველია, იმსახურებდნენ და იმსახურებენ პატივისცემას, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ შეიქმნა ყვარყვარე თუთაბერის ფენომენი.
ჩვენ შევქმენით ყვარყვარე თუთაბერის ფენომენი. ეს არის ჩვენი პრობლემა... - ამბობს დავით გზირიშვილი გადაცემაში "ღამის მთვარი".
შეგახსენებთ, 20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 1194 ადამიანი დაინფიცირდა, 15 კი გარდაიცვალა.