
ჯანდაცვის მინისტრს პრობლემად არ მიაჩნია, რომ სასწრაფო დახმარება მოქალაქეებამდე მისვლას საათობით აგვიანებს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ 2-3 საათიანი დაგვიანება ნორმალურია:
"სასწრაფო დახმარებას აქვს დაგვიანება 2-3 საათით, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის შემთხვევაშიც ჩვენ მსგავსი დაგვიანებები გვქონია. ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს, ვინაიდან ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა, ეს არის გეგმიური პროცესი, ჩვენს ექიმებს ესაჭიროებათ აღჭურვილობის გამოცვლა", - ამბობს ტიკარაძე.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მოქალაქეების საჩივრებს სასწრაფო დახმარების დაგვიანებაზე სისტემური ხასიათი არ აქვს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის ახალი პროტოკოლით კლინიკებში მკურნალობას მხოლოდ ის COVID-19-ით დაავადებული ადამიანები შეძლებენ, ვისი მდგომარეობაც მძიმეა, დანარჩენებმა კი ბინაზე უნდა იმკურნალონ.