რამდენიმე მძევალი თავდამსხმელმა გაათავისუფლა, რამდენიმემ სახანძრო კიბით გამოასწრო - ვითარება ზუგდიდში

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა მძევლების ნაწილი თავად გაათავისუფლა, თავდასხმის დროს იქ მყოფმა მოქალაქეების ნაწილმა კი თავად მოახერხა სახანძრო კიბით შენობიდან გაღწევა.

შენობა ზუგდიდში, სადაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლად 19 პირი აიყვანა, სამსართულიანია, უკანა მხარეს სახანძრო კიბე აქვს. როცა შევიდა, ცხადია, თავდამსხმელმა მთელი შენობის გაკონტროლება ვერ მოახერხა, ამიტომ თანამშრომლებისა და მოქალაქეების ნაწილმა შენობა უკანა კიბით დატოვა, ნაწილი კი თავად თავდამსხმელმა გაათავისუფლა, - განაცხადა სამეგრელოს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

შეგახსენებთ, შეიარაღებული პირი შენობაში დაახლოებით 14:30 სთ-დან იმყოფება. ის მთავარი არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას დაუკავშირდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელა პირდაპირ ეთერში თავისი მოთხოვნა - მანქანა ან ვერტმფრენი, უსაფრთხო კორიდორი და 500.000 აშშ დოლარი, ასევე სპეცრაზმის გაყვანა მიმდებარე ტერიტორიიდან. 

ზუგდიდში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მაც.

საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეიარაღებულმა პირმა სამართალდამცველებს ორი საათის ვადა მისცა, მოძებნონ სანდო პირი, ვისთანაც მათი სახელით მოლაპარაკებას გამართავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი