თავდამსხმელი მრავალფეროვანი მარშრუტით - მანქანა, ცხენი, ფულით სავსე ჩანთები და გავლილი გზა კოდორისკენ

გამოქვეყნდა:

თავდამსხმელის მიერ გავლილი მარშრუტის შესახებ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ბოლო ვერსიით, ის სვანეთის მთებში ავიდა და საქართველო სწორედ ზემო სვანეთიდან დატოვა. 

ზუგდიდის ცენტრი საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა, სამ მძევალთან ერთად, ღამის 10 საათზე დატოვა. სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის უფროსთან ერთად შეიარაღებული პირი პოლიციის მანქანით წავიდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მძარცველის გადაადგილების მარშრუტი, სავარაუდოდ, წინასწარ იყო გაწერილი.

ის მძევლებთან ერთად ჩავიდა წალენჯიხაში, პოლიციის მანქანით, რომელსაც ავთანდილ გალდავა მართავდა, გადავიდა ჩხოროწყუში. შეიარაღებული თავდასხმის მთავარი გმირი მარტვილიდან ლებარდეს ტყეში გეგმავდა გაქცევას, თუმცა სოფელ კირცხთან მძევლები დატოვა და დაახლოებით შვიდი კილომეტრი მანქანით გააგრძელა გზა. სოფელი კირცხი ბოლო წერტილია, საიდანაც შეიარაღებული პირი, სავარაუდოდ, ფეხით უკვე კოდორის ხეობისკენ მიდის. სწორედ აქედან გეგმავდა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვებას პირი, რომელმაც მძევლად 43 ადამიანი აიყვანა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შეიარაღებულმა პირმა კარგად იცოდა ის გზა, რომლითაც სამშვიდობოზე გავიდოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გვიან ღამით შეიარაღებულმა პირმა ტერიტორია ცხენით დატოვა. 

ის ადგილი, სადაც ის უნდა მისულიყო, ადრე არაერთხელ ჰქონდა გავლილი, კარგად იცოდა გზა და ის ტვირთიც ჰქონდა შეგულებული, რის ტარებასაც შეძლებდა. ყურადღება მიაქციეთ ბანკიდან მის გამოსვლასაც, როცა სამხარეო პოლიციის უფროსი გამოჰყავდა: ის პოლიციის უფროსის ზურგსუკან იდგა, ამით დაცულად გრძნობდა თავს, - ამბობს უკრაინაში მებრძოლო ქართველი მოხალისე დავით მაყიშვილი.  

თითქმის 24 საათის შემდეგ ჯერ ისევ უცნობია, სად იმყოფება შეიარაღებული პირი, რომელმაც ოფიციალური ვერსიით მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. გენერალი დევი ჭანკოტაძე დღეს ღიად ამბობდა, რომ შვიდსაათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს ძალოვანი უწყებების მხრიდან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. მთავარი კითხვა პასუხგაუცემელია, როგორ დატოვა თავდამსხმელმა მძევლებთან ერთად ტერიტორია ისე, რომ მანქანაში არც ჯიპიეს სისტემა იყო და არც თვალთვალის საჰაერო საფრენი სისტემა არ აამუშავეს. გენერალს მძარცველის აღჭურვილობიდან გამომდინარე ეჭვი არ ეპარება, რომ ის სამხედრო სფეროში კარგად მომზადებული პირია.

მარტივი იყო, მისი გადაადგილება ეკონტროლებინათ, თავზე დაესვათ დრონი და ეკონტროლებინათ და რახან ეს არ გააკეთეს, მიუთითებს იმაზე, რომ ან გამოყენება არ იციან, ან სპექტაკლია - ამბობს გენერალი დევი ჭანკოტაძე. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ შეიარაღებულმა პირმა არა 500 ათასი, არამედ 4 მილიონი დოლარი წაიღო , რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.   

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი