
პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ორკვირიანი შუალედის ნაცვლად, კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ასევე წერია, რომ თანანშრომლები 72 საათში ერთხელ ანტიგენ-ანტისხეულზეც სწრაფი ტესტით შემოწმდებიან.
ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები - კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას. ხოლო პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, ყაზარმული რეჟიმით დაწესებულებებში შესვლამდე მოწმდებიან PCR ტესტით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 ოქტომბერს გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცნობისთვის, მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში ჯამში 13253 PCR ტესტი გაკეთდა.
აქვე, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 412 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 პაციენტი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.