19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე დღეს, 27 ოქტომბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში იმსჯელებენ. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. დღევანდელი პროცესზე ჩვენებას სავარაუდოდ პოლიციელები და ექსპერტები მისცემენ. ადვოკატების მტკიცებით, ისინი პირდაპირი მოწმეები არ არიან და შესაბამისად საქმისთვის მათ ნათქვამს არსებითი ნიშვნელობა ვერ ექნება.
"ბრალდების მხარე წარმოადგენს საკუთარ მოწმეებს, ჩვენთვის ჯერ უცნობია თუ ვინ იქნებიან, შესაძლოა ისინი იყვნენ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიცილები, ექსპერტები ან სხვა გამოკითხული პირები. მათ ჩვენებებს ბრალდების დადასტურების კუთხით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არცერთი არ საუბრობს იმ გარემოებებზე, რასაც ბრალდების მხარე აჟღერებს", - ამბობს არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიზე.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.
პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.