ოთხჯერ გაქცეულ ესებუას ისევ ეძებენ, შს მინისტრი და პრემიერი კი "მთავარ არხსა" და ნიკა გვარამიას აკრიტიკებენ

გამოქვეყნდა:

დღეს მთელი დღის განმავლობაში შს მინისტრი ზუგდიდში იმყოფებოდა, მაგრამ ქალაქში პოლიციის განსაკუთრებული გადაადგილება არ შეიმჩნეოდა, ახალი მხოლოდ ის არის, რომ ესებუას ოჯახის წევრები გადაჰყავთ გამოკითხვაზე. 

ბადრი ესებუას  მამა ჟურნალისტებს დღესაც უმტკიცებდა,რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნილი მისი შვილი  თბილისშია და სახლში ხვალ დაბრუნდება.  კიდევ რამდენი "ხვალ" იქნება, არავინ იცის. ფაქტია,რომ ბრალდებულს სახლში ყოველდღე ელოდებიან და არ სჯერათ, რომ ის დამნაშავეა. ამტკიცებენ,რომ შეიარაღებული მძარცველი არც თვალებით, არც აღნაგობით და არც ხმით ბადრის არ ჰგავს. 

ოჯახი ამტკიცებს, რომ ბადრი ესებუა თბილისში, საქმეზეა წასული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი კი ხან ტყეში და ხან ზუგდიდში, სხვადასხვა ქუჩაზე სპეცოპერაციას სწორედ მის დასაკავებლად ატარებს. გომელაურის უწყების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებს ყველა შემთხვევაში გაექცა. ჩავარდნილ სპეცოპერაციას კი პირველი პოლიციელი მთავარ არხს აბრალებს. 

43 მძევლის ამყვანი შეიარაღებული თავდამსხმელი რომ ბადრი ესებუა იყო, პირველად ნიკა გვარამიამ საკუთარ გადაცემაში თქვა,მას შემდეგ რაც მიიღო ინფორმაცია რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა, უდანაშაულო ადამიანების დაკავებას გეგმავდა. კვირას ღამით ამ განცხადების შემდეგ ძალოვანმა უწყება იძულებული გახდა  მოქმედება დაეწყო, ჩაატარა რამდენიმე  წარტუმატებელი სპეცოპერაცია.  გუშინ საღამოს კი მოუწიათ დადასტურება,რომ სავარაუდო დამნაშავე და ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუაა, რომელსაც ისევ უშედეგოდ ეძებენ. საქართველოს პრემიერი კი მთავარი არხის დირექტორს ადანაშაულებს და ამბობს,რომ გვარამიას განცხადებამ ოპერაციის ჩატარებას ხელი შეუშალა. 

არადა ნიკა გვარამიას წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია რომ არ გაესაჯაროვებინა, დღეს,  დიდი ალბათობით, სხვა მოცემულობა იქნებოდა. გომელაურის უწყება დააკავებდა უდანაშაულო პირს,რომელიც უკვე შერჩეული ჰყავდა,  და ხალხს დანაშაულის გახსნას ახარებდა. 

დანაშაულიდან 7 დღე გავიდა. ჩვენი ინფორმაციით, ბადრი ესებუა ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზეა,თუმცა გომელაურის უწყებამ ის ჯერ კიდევ ვერ დააკავა. მისდევენ, მაგრამ როგორც ჩანს, არც ისე სწრაფად. ტერორიზმში ბრალდებული  უკვე მეოთხედ გაიქცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი