"ოცნების" მიზანი არჩევნებზე მისული ადამიანების რაოდენობის შემცირებაა - ბექა ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა ლეიბორისტების ლიდერი ბექა ნათელაშვილი გადაცემაში "ღამის მთავარი" ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოძახებაზე არ გადიან, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული. მისი თქმით, მთელი სისტემა ჩამოშლილია. 

ბექა ნათელაშვილის თქმით, არჩევნებამდეც აპირებენ აქციების გამართვას ცესკოსთან, რათა არ მისცენ საშუალება ბიძინა ივანიშვილს, მოქალაქეებს წაართვას კონსტიტუციით მინიჭებული - ხმის მიცემის უფლება.

ბექა ნათელაშვილი ამბობს, რომ აქციის მიზეზი "ცესკოს" დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც, 27 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას კარგავენ.

"სასწრაფოში რომ რეკავ, არ მოდის. ფეხებით გამოათრიეს ჩვენი ახალგაზრდები "ცესკოს" შენობიდან, 3 ადამიანი ცუდად გაგვიხდა, 3 ადამიანი დააკავეს. სასწრაფოში ვრეკეთ, კაციშვილმა არ გვიპასუხა. შემდეგ პოლიციამ დარეკა და ამის შემდეგ მოვიდა მხოლოდ სასწრაფო", - ამბობს ბექა ნათელაშვილი. 

ნათელაშვილი აქციაზე დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებასაც ითხოვს. 

"ეს ადამიანები დააბრუნონ სახლში მშვიდობიანად, გოგოებიც არიან დაკავებული, თუ ასე არ მოხდება, არ შევარჩენთ და აქციებს გავაგრძელებთ", - ამბობს ბექა ნათელაშვილი "ღამის მთავარში".

ბექა ნათელაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მიზანი არჩევნებზე მისული ადამიანების რაოდენობის შემცირებაა, რადგან ხელისუფლების გამარჯვება მხოლოდ თავის "გარანტირებულ" მხარდამჭერებზეა დამოკიდებული. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე, "ცესკომ" გადასატან ყუთებზე რეგისტრაცია შეწყვიტა. ათასობით ადამიანი ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი