არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, წინასაარჩევნოდ არც ერთი ძალადობრივი შემთხვევა არ გამოიძიეს, რის გამოც, მოსალოდნელია, რომ 31 ოქტომბერს მსგავსი დარღვევები კიდევ უფრო გაიზრდება.
"კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად მზარდია ძალადობრივი და მუქარის შემცველი შემთხვევების რაოდენობა, თუკი არ იძიებენ არ შემთხვევებს, არ ხდება არც პრევენცია სამომავლოდ რომ იგივე არ განმეორდეს - ყოველი ასეთი შემთხვევა არის წახალისება", - ამბობს სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.
მესამე სექტორში ასევე საუბრობენ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსებისა და ფინანსების ბოროტად გამოყენებაზე.
"პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ტენდენციაა, რომ კონკრეტული კომპანიები, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვებს აძლევენ, სწირავენ მართველ პარტიას თანხას. ეს არ არის მაღალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნისთვის დამახასიათებელი წინასაარჩევნო გარემო." - თქვა, საერთაშორისო გამჭირვალობის დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები ვერ ჩამოვლენ, ამიტომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებისთვის განსაკუთრებით ემზადებიან.