ფრანგული კომპანია IPSOS-ის ოფიციალური წარმომადგენელი, ოლივიერო გარჩეზე, "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეიქ ნიუსს" უწოდებს და ამბობს, რომ "მთავარი არხის" მხრიდან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
"სამწუხაროდ ვრცელდება უამრავი ფეიქ ნიუსი და არ ვაპირებ ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთებას. ჩვენ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ვთანამშრომლობდით "მთავარ არხთან" მათი მხრიდან არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, ისინი აქვეყნებდნენ ზუსტად იმ მონაცემებს, რასაც IPSOS აძლევდა," - ამბობს ოლივიერო გარჩეზე.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებულ, Ipsos საფრანგეთის კვლევების თანახმად, პრო-დასავალური ოპოზიციის მანდატების ჯამური მაჩვენებელი, "ოცნებისას" უსწრებს.
Ipsos-ს - საფრანგეთმა გამოკითხვა "მთავარი არხის" დაკვეთით 17-დან 27 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა და 2000 რესპოდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა. კვლევაში ცდომილება +/ - 2,2%-ია. კანონმდებლობით დადგენილი დეტალური ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდზეა განთავსებული, სექტორი "არჩევნები 2020".
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".