დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პროკურორს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დავით შაკიაშვილს 8 ადვოკატი იცავს.
ბრალდებულმა დღეს სასამართლოს მიმართა და კოლეგებს ბოდიში მოუხადა. შაკიაშვილი ამბობს, რომ მან შეცდომა დაუშვა, რასაც ძალიან ნანობს, თუმცა წარდგენილი ბრალი არ უღიარებია მან სასამართლოს გირაოს გამოყენება სთხოვა.
დავით შაკიაშვილის ადვოკატები ამბობენ, პროკუროს ქრთამი - 20 ათასი ლარი არ აუღია და რეალურად ის მსხვერპლია. მათი თქმით იმ კონკრეტულ საქმეზე, რომელზეც შაკიაშვილი მუშაობდა, საპროცესო გარიგება უკვე იყო გაფორმებული იყო. შაკიაშვილის დაცვა ადვოკატ კახაბერ პაპავას ადებს ხელს, რომელიც იმ კონკრეტული საქმეზე იცავს ბრალდებულს. როგორც შაკიაშვილის ადვოკატები ამბობენ, პაპავა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა და მან დაარწმუნა ბრალდებულის მამა, რომ პროკურორთან ქრთამზე უკვე მოლაპარაკებული იყო. ამის შემდეგ ბრალდებულის მამა და ადვოკატი პაპავა 20 ათასი ლარითა და ფარული ვიდეოკამერით შაკიაშვილთან მივიდნენ. სწორედ ეს არის ერთ ერთი მტკიცებულება პროკურორის წინააღმდეგ, რომელიც საქმეში დევს.
შაკიაშვილის დაცვის მხარე კახაბერ პაპავასთვის ადვოკატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.
თუ რატომ იქნა გამოყენებული ადვოკატთა ინსტიტუტი პროკურორთა ინსტიტუტის წინააღმდეგ, ეს არის გასარკვევი. კახაბერ პაპავამ როგორც იურისტმა ძალიან კარგად იცის რომ შაკიაშვილს არანაირი ძალა და უნარი იმისა თავისი ავტორიტეტი გამოეყენებინა, არ აქვს" ამბობს შაკიაშვილის ადვოკატი ემზარ საბანაძე
პროკურატურა კი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა განაცხადა, გენერალურ პროკურატურას კორუფციულ დანაშაულთან უმკაცრესი მიდგომა აქვს.
რაც შეეხება შაკიაშვილის დაცვის მხარის განცხადებას, პროკურორი ამაზე კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებს.
ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით შაკიაშვილი გუშინ დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიების ინფორმაციით პროკურორმა მისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი მოითხოვა.