ვისო მუთოშვილის მკვლელი ამ დრომდე დაკავებული არ არის. ოჯახი დღეს პირველად ასახელებს პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა. სოფელში უკვე ოთხი დღეა იციან, ვინ არის დამნაშავე, თუმცა პოლიციას დუისის მკვიდრი ჯერ არც დაუკითხავს.
„მთავარის“ მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, სადაც მკვლელობის მომენტია ასახული, კარგად ჩანს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი სოფელ საკობიანოში პოლიციის 2 ეკიპაჟის თვალწინ მოხდა, ფაქტს კიდევ რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. თუმცა ძალოვანებმა მკვლელის ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.
რამაზ ხანგოშვილი, რომელსაც მოკლულის დეიდა ხელს ადებს, კონფლიქტში ქავთარაშვილების მხარეს იყო და ჰესის მშენებლობას აქტიურად უჭერდა მხარს. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას არ აქვს.
„მთავარის“ გადამღები ჯგუფი დღეს მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, თუმცა ოჯახის წევრებმა ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.
მთავართან დღეს პირველად ქავთარაშვილების ოჯახიც ალაპარაკდა. დაჭრილი მურად ქავთარაშვილის რძალმა ჰესების მიზეზით დაპირისპირება უარყო და დაპირისპირების მიზეზად ორ პირს შორის არსებული პირადი კონფლიქტი დაასახელა.
დაპირისპირებული მხარეების ნაწილისთვის შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი პრობლემის კანონის გზით მოგვარებაა, ნაწილი კი, თუ სამართალდამცველები დროულად არ ჩაერევიან, მუთოშვილების გვარის წარმომადგენლის მკვლელობის პატიებას არ აპირებს.
სისხლის აღება თუ სისხლის პატიება - როგორ განვითარდება პროცესები პანკისის ხეობაში და რომელი ადათ-წესით იხელმძღვანელებენ ქისტები ორ გვარს შორის არსებული კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებისას ჯერჯერობით უცნობია.გამოძიება კი სოფელ საკობიანოში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.