პოლიტიკის ექსპერტები არჩევნების შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დასკვნას აფასებენ და ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ბევრ კითხვის ნიშანს ხედავს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ყველა დარღვევა სამართლებრივად იქნება გამოკვლეული.
"საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ბევრი ეჭვი, თუმცა დიპლომატიური პროტოკოლი და პროცედურები საერთაშორისო ურთიერთობაში ითვალისწინებს საბოლოო შეფასების გაკეთებას მას შემდეგ, რაც ყველა დარღვევის ფაქტი სისტემატიზირებული და დადებული იქნება", - ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია.
თავის მხრივ, კონსტიტუციონალისტები ფიქრობენ, რომ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი საეჭვოა - "საიას" და სხვა არასამთავრობო ორგნიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო დარღვევებს იკვლევენ და საბოლოო შეფასებების დოკუმენტს მას შემდეგ გამოაქვეყნებენ, რაც ყველა საარჩევნო მნიშვნელოვანი პროცედურა დასრულდება.
ცნობისთვის, ევროკავშირის დასკვნაში, დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ როგორც წინასარჩევნო გარემოზე, ასევე უშუალოდ არჩევნების პროცესზე, გავლენა იქონია ამომრჩევლებზე ზეწოლამ და, ამასთან, სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს შორის ზღვარის არარსებობამ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის შეფასებას სრულად ეთანხმება აშშ-ის ელჩი საქართველოში. კელი დეგნანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, რათა ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ."