ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ NDI-ის საარჩევნო ანგარიში უმწვავესია. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, დასკვნა ადასტურებს ყველა იმ დარღვევასა და უზუსტობას, რაზეც მანამდე ოპოზიციის წევრებიც საუბრობდნენ.
"განცხადებაში ასახულია, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმურიც და მოპარულიც. უამრავი დარღვევის ფონზე საქართველოს მოქალაქეების ნებას არ გამოხატავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე.
ამასთან, ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ ბოლო პერიოდში ასეთი მძიმე დასკვნა ჯერ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია.
"ცალსახადაა მითითებული დარღვევები. მძიმე დასკვნა ადასტურებს იმას, რასაც ლაპარაკობს ოპოზიციური სპექტრი, რომ არჩევნები არ ჩატარებულა იმ ხარისხითა და სტანდარტით, რაც დემოკრატიას სჭირდება", - თქვა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
თავის მხრივ, "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, ფიქრობს, რომ "ხელისუფლება არ შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რაც NDI-ის ანგარიშში წერია".
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საარჩევნო ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა.