შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტზე მამა-შვილი 38 წლის ა.რ. და 16 წლის მ.რ. დააკავეს. მათ ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს - 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.