"ცესკო"-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, რომ ანა მიქელაძე "უცებ შეუძლოდ გახდა", რის გამოც, ბრიფინგზე ვერ გამოვიდა.
"მე, როგორც უწყებათაშორის კომისიაზე უკვე წლების მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც კომისიას აწვდის შესაბამის ინფორმაციას, მაქვს აბსოლუტურად სრული უფლება, ხელმძღვანელების დავალების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწოდო მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია. მე როგორც ვიცი, ანა მიქელაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა ბრიფინგში ჩართვა", - ამბობს კალანდარიშვილი.
კალანდარიშვილის განმარტებამდე, ჩვენ დავუკავშირდით ცესკოს, რათა გაგვერკვია, კონკრეტულად რა გახდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ბრიფინგზე გამოჩენის მიზეზი. მათ 2-ჯერ გვითხრეს, რომ "უბრალოდ, ასე იყო დაგეგმილი" და HR-ის სპიკერობა სხვა არაფერმა განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილის გამოჩენას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, გამოეხმაურა: "HR რატომ აკეთებს თქვენი სახელით განცხადებებს, ანა მიქელაძემ პროტესტი ხომ არ გამოთქვა" - წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.