400-მდე ახალგაზრდა მამაკაცის სასტიკი ჩხუბი. სოფელ მუღანლოში ადგილობრივები ორ ბანაკად გაიყვნენ და ღია მინდორში შეკრების შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ ერთმანეთს.
ჩხუბი დანებით, ხელკეტებით და ქვებით მიმდინარეობდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 22 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ცივი იარაღით 7 ჭრილობა მიაყენეს.
სოფელში ყვებიან, რომ სოფლის ცენტრში შეკრებილ თანასოფლებებს ავტომობილის ცუდად გაჩერების გამო კონფლიქტი მოუვიდათ, იქ სიტუაცია განიმუხტა, თუმცა რამდენიმე წუთში მოსახლეობისგან მოშორებით დაახლოებით 400-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა და საქმის გარჩევა დაიწყეს. ადგილობრივებმა დიდი ჩხუბის შესახებ პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ გაიგეს.
22 წლის ვახო გავაშელი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკა „ამტელში“ საღამოს 9 საათისთვის შეიყვანეს. მას გულ-მკერდის, ფეხის არესა და სახეში ბასრი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული. ოპერაციის შემდეგ ის კვლავ მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება.
ამ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყებაში არ ამბობენ არის თუ არა დამნაშავე დაკავებული.