შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ, 4 ნოემბერს გლდანში მომხდარი სროლის გამო 2 პირი - 37 წლის ზ.მ. და 42 წლის ი.ნ. დააკავეს. მათ ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედებათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ თბილისში, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეგობართან - ბრალდებულ ი.ნ.-სთან ერთად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ნათესავის - 1984 წელს დაბადებული ი.მ.-ის და მისი მეგობრის - 1985 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მიმართულებით იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლისას დაზიანდა ი.მ-ის კუთვნილი ავტომობილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ზ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღები.
მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსისი 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.