სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყეს და 30 ოქტომბერს გაახმაურეს - წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური დევნა

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის ხელისუფლებას ოპონენტთა დევნა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი: სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყო, ირაკლი კობახიძემ კი წინასწარ დაწყებული გამოძიების გეგმა 30 ოქტომბერს გაახმაურა. მას შემდეგ, რაც სუსმა მისგან მიიღო იმ პირების სია, ვინც, კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ, გამოკითხვების ახალი სერია დაიწყო.

დღეს დაკითხვაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგისა" და ანტიკორუფციული საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სამმა მათგანმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა. 

სუსმა გამოკითხვაზე კიდევ 6 დამკვირვებელი დაიბარა, რომლებიც 31 ოქტომბერს უბნებზე იყვნენ გადანაწილებული და უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს. მათი ადვოკატი ამბობს, რომ საქმე თითიდანაა გამოწოვილი და ასევე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს.

ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ირაკლი კობახიძის "შავ სიაში" არიან და, სავარაუდოდ, დაკითხვაზე უახლოეს პერიოდში დაიბარებენ, ბრალდებას პასუხობენ.

რაღაც, ავადმყოფური აზრები მოსდით თავში კობახიძეს და მდინარაძეს და ეს ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ. ვერ გავიგე, რა ხდება, სუსში უდანასაულო ხალხს იბარებენ, ეს ადამიანები, დამკვირვებლები, იყვნენ ათზე მეტნი, სხვადასხვა უბანში, უამრავი დარვევა აღმოაჩინეს - ოქმების გაყალბება, მოსყიდვა და ახლა იბარებენ, რათა დააშინონ, - ამბობს დევი ჭანკოტაძე, ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი. 

აგონიაში მყოფმა ქართულმა ოცნებამ ავანსცენაზე გამოაგორა ბუმბერაზი და "სვეცკი" იურისტი მამუკა მდინარაძე, ის საუბრობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, მაშინ როცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს ხალხი და არა ხელისუფლება, ეს უნდა იცოდეს. ერთი-ორი წიგნი ხომ უნდა ჰქონდეს წაკითხული, იურისტობაზე რომ აქვს პრეტენზია? ახლა რომ იბარებენ სუსში ადამიანებს, ეგ არის ყველაზე ამაზრზენი. პირველი შეკითხვაა: რატომ არ გქონდა ხელკეტი მანქანაში? და მეორე შეკითხვა, რატომ აძლევ ხმას ნაცმოძრაობას? რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს? - ამბობს დიმიტრი შაშკინი, ოპოზიციის ერთერთი ლიდერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი. 

გამოკითხვები სუსში ამ დრომდე გრძელდება. უკვე გამოკითხულია ათამდე დამკვირვებელი, ოპოზიციის ლიდერებს კი, სავარაუდოდ, უწყებაში ეტაპობრივად დაიბარებენ.  

შეგახსენებთ, ქართული ოცნების ერთერთმა სახემ ირაკლი კობახიძემ ე.წ. გადატრიალების გეგმის ავტორებად მიხეილ სააკაშვილი, დიმიტრი შაშკინი და დევი ჭანკოტაძე დაასახელა. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი