ოპოზიციის ლიდერები "ოცნების" მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებს არამიზნობრივს უწოდებენ. მათი აზრით, აქციამდე ცოტა ხნით ადრე გადააგილებაზე შეზღუდვის დაწესება მთავრობის შიშზე მიუთითებს.
"გაყალბებული, მიტაცებული, მოპარული ხმების შემდეგ ხელისუფლება გამოდის და ასეთ შეზღუდვებს აწესებს, მაშინ როცა 22 საათის შემდეგ არც ერთი კაფე-ბარი არ მუშაობს. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლება არის ძალიან შეშინებული და ამ გადაწყვეტილებასაც იღებს მხოლოდ და მხოლოდ ამ შიშის საფუძველზე", - ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარე, ხათუნა სამნიძე.
ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება ამ გზით ხალხისთვის აქციაზე მისვლაში ხელის შეშლას ცდილობს.
"ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის, იმისათვის, რომ ადამიანებს ხელი შეუშალონ სამართლიან პროტესტში გაყალბებული არჩევნების გამო. ამის წინააღმდეგ ახლა ათას ხრიკს მოიგონებენ", - ამბობს გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში გადაადგილება შეიზღუდება.
ოპოზიცია კი არჩევნების გასაპროტეტებლად აქციას კვირას, 8 ნოემბერს, 3 საათზე მართავს.