მოფარებულ ადგილას გადაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ - ადვოკატი დაკავებულ აქტივისტზე

გამოქვეყნდა:

გუშინ რუსთაველის გამზირზე დაკავებულ აქტივისტებს შორის ერთერთის, გიორგი მჟავანაძის, ადვოკატი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მჟავანაძეზე ფიზიკურად იძალადეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. 

თავის მხრივ, სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, თუ მართლაც დამტკიცდა ფიზიკური ძალადობის ფაქტი, სისხლისსამართლებრივი პასუხისგება დღის წესრიგში დადგება. 

"აქციის დროს დაკავებულები მოვინახულეთ ადგილზე. თუ დადასტურდა, რომ რომელიმეზე ფიზიკურად იძალადეს, ბუნებრივია, ეს უფლებამოსილების გადამეტება იქნება. ჩვენ ვნახეთ, რომ მჟავანაძეს დაზიანებული აქვს ხელი ბორკილების ტარების შედეგად. დანარჩენ დაზიანებებზე ექიმი შეადგენს დასკვნას", - ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. 

ადვოკატის ინფორმაციით, მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს, ამასთან, ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე დაიწყო.

"ადგილი ჰქონდა გიორგის მიმართ ძალადობას და მას ესწრებოდა არაერთი პოლიციის თანამშრომელი. ის სპეციალურად მინივენით გადაიყვანეს მოფარებულ ადგილას, მიაყენეს ფიზიკურ შეურაცხყოფა, გაუხსენეს მისი აქტივობა, წინა წელს აქციების დროს, მათ შორის პოლიციასთან კამათი", - თქვა ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა. 

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 4 აქტივისტის სასამართლო პროცესი იწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ნოემბერს აქციაზე 4 აქტივისტი, პოლიციამ ჯერ კიდევ კომენდანტის საათის დაწყებამდე დააკავეს. აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათ პარლამენტთან გასათბობად შეშა მიჰქონდათ.   

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი