მიხაილოს კიდევ ერთხელ დაპატიმრება დაუსაბუთებელი და უსამართლო იქნება - EMC

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ამბობს, რომ მუსიკოსის, მიხაილო დოთუას, მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი იქნება. 

აქვე, მიხაილოს მიმართ შინაპატიმრობის გაუქმების და საპატიმრო სასჯელის გამოყენების საკითხს დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

"EMC სასამართლოში წარმოადგენს მიხაილოს ინტერესებს და მიაჩნია, რომ თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მიხაილოს მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. მუსიკის დარგში საქმიანობა პირდაპირ ემსახურება მიხაილოს რესოციალიზაციის მიზნებს და მნიშვნელოვანია, რომ ჩაითვალოს საპატიო გარემოებად. წარდგინების დაკმაყოფილება და სასჯელის მოსახდელად კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება ბუნებრივია, ხელს შეუშლის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესს და უმძიმეს ეფექტს იქონიებს პირადად მასზე და მისი ოჯახის წევრებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

მიხაილოს ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი იქნება. "მთავარ არხთან" საუბრისას ჩუთლაშვილის ამბობს: "პრობაციის ბიურო არ ითვალისწინებს, რომ მიხაილო პარტიულ შეკრებაზე უკრავდა. შესაბამისად, პრობლემა არ უნდა იყოს, რომ ის 22:00 საათის შემდეგ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა". 

შესაძლო პატიმრობასთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს თავად მუსიკოსიც ავრცელებს. მიხაილო ამბობს, რომ ის პრობაციის ბიუროსთან შეთანხმებით კანონიერად საქმიანობდა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია უწყების არგუმენტაცია.

"განთავისუფლების შემდეგ მივმართე პრობაციის ბიუროს თხოვნით, მოეცათ უფლება მეწარმოებინა ჩემი პროფესიული საქმიანობა. მთელი წლის განმავლობაში აღმოჩნდა რომ 28 ივენთში მიმიღია მონაწილეობა და აქედან არა საპატიოდ მეთვლება დღე, როდესაც გირჩის მიერ ორგანიზებულ საღამოში დავუკარი და ასევე მის წინ ჩატარებული ღონისძიება. მიზეზი აღმოჩნდა 16 ოქტომბერს ძალაში შესული პრემიერის ბრძანება რომელიც კრძალავს 22:00 შემდეგ თავშეყრას, გარდა საარჩევნო ღონისძიებისა. მიუხედავად იმისა, რომ 16 ოქტომბერს გამოიცა პრემიერის განკარგულება არც 13/14 ოქტომბერს და არც 17/18 ოქტომბერს არ მითვლიან საპატიოდ, მიუხედავად იმისა რომ კანონიერი იყო ყველაფერი," - წერს მიხაილო. 

 შეგახსენებთ, რომ მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. 6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, 2019 წელს მან საპატიმრო დატოვა და სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი