ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასაამრთლო პროცესი უნდა დაიწყოს. დაკავებულები ამბობენ, რომ 9-10 ნოემბრის ღამეს პარლამენტის მიმდებარედ არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ.
"ეს ქართული ოცნების ტრადიციული და კარგად გამოცდილი ხერხია, როცა პოლიტიკური დაძაბულობა მატულობს ნაწილ-ნაწილ ცდილობენ მოქალაქეთა დაკავებას, იზოლირებას, დაჯარიმებას, რომ ეს შემდგომში ვინც რამის გაპროტესტებას დააპირებს მაგალითი იყოს", - თქვა ნოდარ რუხაძემ.
აქტივისტ, გიგა მაქარაშვილის თქმით, სასამართლო ყველაფერზე წავა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, რადგან ის არა დამოუკიდებელი არამედ მონებისგან შემდგარი სტრუქტურაა. მისი თქმით, აქტივისტები გარეთ აქციას გამართავენ, რათა პროტესტის ხმა ყველას გააგონონ.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს აქციაზე 4 აქტივისტი, პოლიციამ ჯერ კიდევ კომენდანტის საათის დაწყებამდე დააკავეს. აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათ პარლამენტთან გასათბობად შეშა მიჰქონდათ.
გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ პოლიციის ეზოში სამართალდამცავებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.