შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 18 და 19 წლის პირები, და მათან ერთად 25 წლის პირი დაააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგური "სამედიცინო უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის მუქარით, 1993 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს და მის მეგობარს - 1999 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს თანხა წაართვეს და გააფრთხილეს, რომ თუ პოლიციას მიმართავდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ", - წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მოგვიანებით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მომხდარ ფაქტზე ისაუბრა და 2 თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინა, რის შემდეგაც პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.