22-ე დღეა უწყვეტი პროტესტი გრძელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - სასულიერო პირები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივები რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მხრიდან გუშინ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებსაც იხსენებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათი აქცია სასტიკი მეთოდებით დაშალა.
"გადაგვიარეს ქართველებს - გვრცხენია, რომ სხვა ნაცია გვიყურებს და სრცხვენოდეს პოლიციას, გუშინ რაც გააკეთა. ბრძოლა არ შეწყდება, როგორ ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი მოღალატეა", - ამბობს აქციის მონაწილე.
ადგილობრივების თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში, 500 ჰექტარი მიწა წყლით დაიფარება, მათ შორის, ტყის მასივი, სახნავ-სათესი მიწები, რამდენიმე სოფელი, ათეულობით ოჯახი. მთლიანად შეიცვლება კლიმატი იმ ტერიტორიაზეც, რომელიც წყლით არ დაიფარება, რაც მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებას აიძულებს.
აქციის მონაწილეები იმერეთის გუბერნატორსაც ადანაშაულებენ. მათი თქმით, გუბერნატორი აქციაზე ერთადერთი მიზეზით არ მიდის - იგი საკითხის მიმართ არაკომპეტენტურია და ამის დემონსტრირება არ სურს.