22-ე დღეა სასულიერო პირები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივები რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მხრიდან გუშინ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს იხსენებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათი აქცია სასტიკი მეთოდებით დაშალა
"გუშინ პოლიციამ ქართველებისა და რიონის ხეობის მოსახლეობის ღირსება შელახა. ამას არავინ მოითმენს - პროტესტს მეტი ადამიანი უერთდება და ტერიტორიაზე ვრჩებით, სანამ კომპანია არ დატოვებს ხეობას", - ამბობს პროტესტის ერთერთი მონაწილე.
პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე რჩებიან.
"ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხეს - ჯვარი შეურაცხყვეს, ხატი გადაგვიტეხეს. როგორც საქონლებს, ისე მოგვექცნენ. ჩვენ ვიცავთ მამულს", - თქვა აქციის მონაწილემ.
ადგილობრივების თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში, 500 ჰექტარი მიწა წყლით დაიფარება, მათ შორის, ტყის მასივი, სახნავ-სათესი მიწები, რამდენიმე სოფელი, ათეულობით ოჯახი. მთლიანად შეიცვლება კლიმატი იმ ტერიტორიაზეც, რომელიც წყლით არ დაიფარება, რაც მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებას აიძულებს.
აქციის მონაწილეები იმერეთის გუბერნატორსაც ადანაშაულებენ. მათი თქმით, გუბერნატორი აქციაზე ერთადერთი მიზეზით არ მიდის - იგი საკითხის მიმართ არაკომპეტენტურია და ამის დემონსტრირება არ სურს.