ლარის გაუფასურება, გაძვირებული პროდუქტი – ეკონომისტები მძიმე ზამთარს ელოდებიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ვალუტა მცირედი გამყარების შემდეგ ისევ გაუფასურებას განაგრძობს, სპეციალისტები მძიმე ზამთარს, პროდუქტებზე ფასების მომატებას და კომუნალური გადასახადების ზრდას ელოდებიან.

"ფასები იზრდება იმიტომ, რომ ლარი არის გაუფასურებული, ფასები იზრდება ორნიშნა ინფლაციით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, 8 წლის განმავლობაში და ამ ფონზე, როდესაც შემოსავალი არ ეზრდება ოჯახებს, ნიშნავს, რომ ამ ოჯახების დიდი ნაწილი ვარდება სიღატაკეში. რეალურად სიღარიბის მაჩვენებლები გადაიქცა ქვეყანაში, სიღატაკის მაჩვენებლად", – ამბობს ეკონომისტი, ირაკლი ყიფიანი.

ექსპერტების აზრით, ლარის კურსის ვარდნა უმუშევრობასაც გამოიწვევს, მათი თქმით, ბიზნესი ადამიანების სამსახურიდან გაშვების საფრთხის წინაშე დგას.

"სეზონურობაც, ზამთრის პერიოდიც, როდესაც საკმაოდ ვართ იმპორტზე დამოკიდებული, რადგანაც ადგილობრივი ხილი და ბოსტნეული მოილია და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ზეწოლა იქნება ლარზე და უნდა ველოდოთ კიდევ უფრო მეტად ფასების ზრდას, როდესაც ფასები იზრდება, მსყიდველობითუნარიანობა არის საკმაოდ დავარდნილი, რასაც მცირე და საშუალო კომპანიები ვერ გაუძლებენ, კომპანიებს თუ მოუწიათ ბაზრის დატოვება, მოუწევთ თანამშრომლების გათავისუფლებაც და ეს კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", – ამბობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია.

ცნობისთვის, ლარის უმნიშნველოდ გამყარებული კურსი, კვლავ დაეცა და ერთი დოლარის ფასი დღეს 3,30 ლარზე მეტია.

შეგახსენებთ, რომ ძვირდება დენიც, სემეკი ტარიფზე მსჯელობას იწყებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი