პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილა. მათ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების საჭიროებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ "ლოქდაუნი" არ იგეგმება.
"პრაქტიკულად აქ ყველა ერთმანეთთან შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში არ არის საკმარისი. ამ სიტუაციაში უკვე საჭიროა მეტი წერტილოვანი შეზღუდვების გაკეთება. ჩვენ არ შეგვიძლია მთლიან ლოქდაუნზე, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს", - თქვა NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
შეხვედრისას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა რომ მოხდება მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა, ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაგრძელდება.
ექსპერტები ამბობენ, რომ საწოლები იმათთვის უნდა დაიზოგოს ვისაც ეს რეალურად სჭირდება და მოსახლოებამ უნდა იცოდეს, რომ კორონავირუსის დიაგოზი აუცილებლად ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს.
ცნობისთვის, გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, თქვა, რომ დაწესებული შეზღუდვები არ არის საკმარისი და კიდევ უფრო გამკაცრდება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.