12 წლის ნინი, რომელსაც ქრონიკული დაავადება ჰქონდა ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე რეანომობილში გარდაიცვალა.
სიკვდილის მიზეზად მის ანამნეზში კოვიდ 19 ჩაიწერა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ბავშვს გარდაცვალება დაგვიანებულმა ჰოსპიტალიზაციამ გამოიწვია, რასაც კლინიკაში არასათანადო პირობები დაემატა. რეანომობილს, რომელსაც 380 კმ უნდა გაევლო, საკმარისი ჟანგბადი არ აღმოჩნდა.
ბავშვს რომ კოვიდ ვირუსი არ ჰქონია დაზუსტებით ამბობს ბებია. მისი მტკიცებით, როგორც რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტი ნინის კლინიკაში PCR ტესტს ყოველ ყოველ მეორე დღეს უკეთებდნენ. პარასკევსაც მისი პასუხი უარყოფითი იყო, კვირას კი კლინიკაში ექიმების მტკიცებით გოგონას ვირუსი დაუდასტურდა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დაზუსტებით ვერ ამბობს, გახდა თუ არა კოვიდ ვირუსი 12 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ამბობს, რომ შესაბამისი დახმარების აღმოჩენა მის კლინიკაში პროტოკოლით არ შეეძლოთ.
რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პაციენტი კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან საავადმყოფომ მართვა ვერ შეძლო, თბილისში რეანომობილით გააგზავნეს, კლინიკაში შიდა მოკვლევა დაიწყო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მოზარდის გარდაცვალების საქმით არ დაინტერესებულა.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სფერო სრულად გადაერთო კოვიდის მართვის უშედეგო მცდელობაზე, ის პაციენტები ვისაც სხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ, სამედიცინო დახმარებას ვეღარ იღებენ და შესაძლოა ქვეყანაში სტატისტიკურად უკვე იმაზე მეტი გარდაცვლილია სხვა დაავადებების დაგვიანებული ან ვერ მკურნალობის გამო, ვიდრე კოვიდით დაღუპულთა სტატისტიკაა.
პრობლემაა ისიც, რომ ჰიბრიდულ კლინიკებში ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს პაციენტების კოვიდინფიცირება კიდევ უფრო საშიში ხდება.
დღის ბოლოს ქობულეთის კიდევ ერთი მოზარდი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მედიასთან არ საუბრობენ, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ 14 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ასევე დაგვიანებული ჰოსპოტალიზაცია გახდა.
ანალიტიკოსები ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას ვარაუდობენ მას შემდეგ რაც პანდემია პიკში შევა და ამას სეზონური ვირუსებიც დაერთვება კოლაფსი კიდევ უფრო გაღრმავდება.