დებატებში მონაწილეობაზე უარი ოპოზიციის კაპიტულაციად ჩაითვლება - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი და გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას დებატებს საკუთარი პირობებით კიდევ ერთხელ სთავაზობს. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უარი ოპოზიციის კაპიტულაციად ჩაითვლება.

"ამ ფონზე გვსურს კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არცევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი. სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატიურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთანაა დაკავშირებული... გუშინ მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე. აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზებისა, რომელიც ნათელს მოჰფენს საარჩევნო პროცესს, თუმცა მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართე, ხოლო ოპოზიციის თავშეკავების საფუძველი სიყალბეა.

კობახიძის განმარტებით, ოპოზიციას კლასიკურ დებატებს სთავაზობენ და არა "შოუს". დებატების ექსკლუზივი კი იმ ტელევიზიას ექნება, სადაც ეს შეთავაზება კობახიძემ პირველად გააჟღერა.

დღესვე ამ შეთავაზებას ოპოზიციურმა პარტიებმაც უპასუხეს და აღნიშნეს, რომ დებატები არა "პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის რუსთავი 2-ის" ეთერში, არამედ ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით უნდა გაიმართოს, რათა შეკითხვების დასმის საშუალება განსხვავებული შეხედულების მქონე ჟურნალისტებსაც მიეცეთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი