გადატვირთული საავადმყოფოები და მძიმე ეპიდვითარება - კლინიცისტების საგანგებო შეხვედრა პრემიერთან

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება გადატვირთული საავადმყოფოების განტვირთვის გზების ძიებას იწყებს. პრემიერმინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა. 

მსჯელობისას აღინიშნა, რომ აუცილებელია, მაქსიმუმი გაკეთდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების კუთხით, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების მკურნალობას ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა - ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ განცხადებში.

მთავრობის ინფორმაცით, კლინიცისტები სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციას იძლევიან.

საქართველოს მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას განაგრძობს და სისტემური „ლოკდაუნი“ არ იგეგმება - ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში ონლაინ-რეჟიმში მიიღო მონაწილეობა კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. დისკუსიაში ასევე ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი