ჯანდაცვა ჩამოშლილია, კლინიკები პაციენტებს ვერ იღებენ - "მთავარის" ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

პაციენტი სუნთქვის მძიმე უკმარისობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას შემდეგ შემოიყვანა, რაც თბილისის ყველა კოვიდ მიმღები ცენტრი მოიარა. სასწრაფოს ექიმი აღშფოთებას ვერ მალავს, თუმცა კამერის დანახვისას კითხვებს აღარ პასუხობს.

საბოლოოდ პაციენტი კლინიკამ მიიღო. გვითხრეს, რომ მხოლოდ ოთხი ადგილი აქვთ თავისუფალი. დღეს გათავისუფლებული რვა საწოლიდან ოთხი დღის პირველ ნახევარში უკვე დაიკავეს. 

დავინტერესდით რა ხდება თბილისის სხვა კლინიკებში, რომლებიც კოვიდ ცენტრებად ან ჰიბრიდულ კლინიკებად გადაკეთდა. გავდივართ იმ გზას, რაც ყველა კოვიდ ინფიცირებულს ან კოვიდის ნიშნების მქონე პაციენტს მოუწევს გაიაროს. 112-ში ავტომოპასუხე გვიხსნის რომ კოვიდ პაციენტებისთვის ან საეჭვო პაციენტებისთვის სპეციალიზებული ხაზი არსებობს, თუმცა არავინ გვპასუხობს.

ამის შემდეგ ვიძახებთ ჩვეულებრივ სასწრაფო დახმარებას. ცენტრში გვპასუხობენ, რომ არ იციან როდის მოვლენ მისამართზე და თუ პაციენტის ტრანსპორტირებას თავად შევძლებთ იმის გასარკვევად რომელი კლინიკა მიიღებს ან მიიღებს თუ არა საერთოდ რომელიმე კლინიკა, 1505-ზე უნდა დავრეკოთ.

კლინიკა "ამტელში", რომელიც ჰიბრიდულია  გვპასუხობენ, რომ თუ ადგილები იქნა, ტრანსპორტირების შემთხვევაში პაციენტს მიიღებენ. კლინიკური დირექტორი კი ამბობს, რომ ადგილები არ არის.

კლინიკის ეზოში, პაციენტის ოჯახის წევრი ამბობს, რომ მისი ოჯახის ერთი წევრი ახლა კოვიდსასტუმროშია, თუმცა სასწრაფოს თითქმის ორი კვირა ელოდნენ. ახლა კიდევ ერთი ოჯახის წევრის გადაყვანა სურთ, თუმცა ეუბნებიან რომ მთელი თვე კლინიკა პაციენტს ტესტირებისთვისაც კი ვერ მიიღებს.

სისტემა რომ სრულად ჩამოშლილია ამაზე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ნახევარი წელია საუბრობენ. 

სად წავიდა მილიონობით ლარი, რომელიც კოვიდ პანდემიის მეორე ეტაპისთვის უნდა გამოეყენებინათ? მაშინ როცა მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ეპიდემიის პიკსა და პანდემიის გამოწვევებს უმკლავდებიან, რეალური სურათი ასეთია -საწოლფონდის არ არსებობა, გაუმართავი ცხელი ხაზები და მოუმზადებელი კლინიკები. 

ამის დასტურია კიდევ ერთი ახალი აპლიკაცია, რომელმაც წესით დაავადებულ პაციენტს უნდა უთხრას ვინაა მისი ოჯახის ექიმი და დახმარების მისაღებად რომელ კლინიკაშია რეგისტრირებული, თუმცა ამ საიტზე ყველა იმ პირს ვინც საყოველთაო ჯანდაცვით არ სარგებლობს კერძო სადაზღვეო კომპანიებში გადაამისამართებენ. არცერთი კერძო დაზღვევა კი კოვიდ პაციენტებს არ მართავს. 

ექსპერიმენტმა მხოლოდ ერთი რამ აჩვენა - თუ კოვიდით დაინფიცირდები, კლინიკაში უბრალოდ ვერ მოხვდები - აქაც ჯიგრული ქართული პონტი და კარგი სანაცნობოა საჭირო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი